მოკლე ინფორმაცია ნაკრესის შესახებ

თავდაპირველად, ჩვენი ორგანიზაცია ენთუზიასტი ბუნებისდამცველების მიერ არაფორმალურად დაარსდა 1989 წელს. ხოლო 1991 წელს დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებით - გადაშენების პირას მყოფი სახეობების აღდგენის ცენტრი „ნოეს კიდობანი“ (აკრონიმი „ნაკრესი“ წარმოადგენს ამ სახელწოდების ინგლისური ვერსიის აბრევიატურას: Noah’s Ark Centre for the Recovery of Endangered Species – NACRES). მოგვიანებით, კანონის მოთხოვნის შესაბაბამისად, ცენტრი ხელახლა დარეგისტრირდა და სახელიც გადაერქვა, როგორც „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თუმცა ქართულ სახელწოდებაშიც შეინარჩუნა პირვანდელი აკრონიმი „ნაკრესი“. ამდენად, „ნაკრესი“ არის რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ცენტრის მისიაა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა; მისი საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს და ხორციელდება საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისების, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ბუნების დაცვით საქმიანობაში მათი ინტენსიური ჩართვის საშუალებით.

ჩვენი მთავარი ამოცანებია:

  • საქართველოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და ჰაბიტატების აღდგენა და კონსერვაცია;
  • ბუნებრივი ეკოსისტემების კონსერვაცია დაცული ტერიტორიებისა და სხვა ქსელების ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ადამიანის ზემოქმედების, გაუდაბნოებით ან კლიმატის ცვლილებით დეგრადირებული ეკოსისტემების ეფექტური მართვის წახალისება;
  • ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის შემსუბუქება, სათანადო კვლევების, შედეგზე ორიენტირებული ქმედებების, ეფექტური შემარბილებელი ინსტრუმენტებისა და მექანიზმების დანერგვის საშუალებით;
  • ფართო საზოგადოებასა და ბიოლოგიური რესურსების მომხმარებლებზე ორიენტირებული ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება;
  • სტრატეგიული გარემოსდაცვითი დოკუმენტებისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი კომპონენტებია:

  • სახეობების, პოპულაციებისა და ეკოსისტემების შესწავლა და მათი საკონსერვაციო სტატუსისა და საფრთხეების შეფასება;
  • ბუნების დაცვის მიმართულებით ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო, ასევე აკადემიური სექტორის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი საზოგადოებრივი და საინიციატივო ჯგუფების მობილიზება და მათი ჩართვა საკონსერვაციო საქმიანობებში;
  • დაცული ტერიტორიებისა და ზურმუხტის ქსელის ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებული ქმედებები;
  • გადაწყვეტილების მიმღებთა, ადგილობრივ რესურსების მომხმარებელთა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კონსერვაციის შესახებ;
  • ადგილობრივი მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესება, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების გარშემო, მათ შორის ბუნებაზე დაფუძნებული მდგრადი ტურიზმის საშუალებით;
  • ბიოლოგიური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023